შესავალი

საქართველოს ნაკრების ორივე საბრძოლო რობოტი მერვედფინალშია
საქართველოს რობოტიკის ნაკრების გუნდის კოკადამას (Kokadama) ორივე საბრძოლო რობოტი RoboChallenge 2026-ის მერვედფინალშია! ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატზე, ბუქარესტში (რუმინეთი), კოკადამა საბრძოლო რობოტების 1.36 კგ-მდე (3 lb) კატეგორიაში ორი რობოტით — Kokadama4-ით და Kokadama5-ით — გამოვიდა და ორივე საუკეთესო 16-ში მოხვდა.
ეს მარტივი არ იყო: კატეგორიაში 56 რობოტი 12 ქვეყნიდან ასპარეზობს — მათ შორის მექსიკიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ბრაზილიიდან და უზბეკეთიდან. საქართველოს ორივე რობოტი კოკადამასია.
Kokadama4: ნოკაუტით მერვედფინალში
Kokadama4-მა ჩემპიონატი პირდაპირ მეორე რაუნდიდან დაიწყო (პირველ რაუნდში მას მეტოქე არ ჰყავდა). მეორე რაუნდში მას მექსიკური გუნდის CMR-UPIIZ-ის რობოტი D-Hex შეხვდა, რომელმაც მანამდე პირველ რაუნდში ბრძოლა მოიგო.
დაძაბული ბრძოლა ნოკაუტით (KO) დასრულდა: მეტოქის რობოტი დაიშალა, მისი ლითიუმის ბატარეა აფეთქდა და არენა კვამლმა მოიცვა. ამ გამარჯვებით Kokadama4 ძირითადი ცხრილის მერვედფინალში გავიდა.
Kokadama5: მეორე შანსის ცხრილიდან მერვედფინალამდე
1.36 კგ-იანი საბრძოლო რობოტების ტურნირს ორი ცხრილი აქვს — ძირითადი და მეორე შანსის: რობოტი, რომელიც ერთხელ წააგებს, ბრძოლას მეორე შანსის ცხრილში აგრძელებს, ტურნირს კი მხოლოდ მეორე მარცხის შემდეგ ტოვებს.
Kokadama5-მა პირველი ბრძოლა ბრიტანულ Delta V-სთან (Team IDKWID) წააგო, მაგრამ არ დანებდა და მეორე შანსის ცხრილში ზედიზედ ორი ბრძოლა მოიგო:
- Kokadama5 — Princess Megatron 3000 (Arduidiots, რუმინეთი): გამარჯვება;
- Kokadama5 — Gunter (AR-UPIITA, მექსიკა): გამარჯვება.
ამ ორი გამარჯვებით გუნდის მეორე რობოტიც მერვედფინალში გავიდა — ასე კოკადამას ორივე რობოტი ერთდროულად ჩემპიონატის საუკეთესო 16 რობოტს შორის აღმოჩნდა.
მერვედფინალის ბრძოლები
მერვედფინალში Kokadama4-ის მეტოქე ბრიტანული გუნდის Scope Creep Robotics-ის რობოტი Pi v2 იყო, Kokadama5-ისა კი მოლდოვური Gagauzian Project Group-ის რობოტი O.M. (Overkill Machine).
მერვედფინალის ბრძოლებსა და კოკადამას შემდეგ ნაბიჯებზე ცალკე მოგიყვებით.
ყველა ბრძოლის ოფიციალური შედეგი ჩემპიონატის საიტზეა: Combat Robot 3lb — ტურნირის ცხრილი.
ვინ არის კოკადამა და რა არის 1.36 კგ-იანი საბრძოლო რობოტი
კოკადამა საქართველოს რობოტიკის ნაკრების გუნდია. გუნდის წევრები არიან კონსტანტინე კვარაცხელია, კახაბერ კვარაცხელია, დავით კვარაცხელია და მაია წულაია — ვულოცავთ მათ ამ წარმატებას! კოკადამამ 2026 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე Mini Sumo-ში გაიმარჯვა (ჩემპიონატის გამარჯვებულები); როგორ მოემზადა ნაკრები ბუქარესტისთვის, წაიკითხეთ აქ: საქართველოს ნაკრები RoboChallenge 2026-ზე.
1.36 კგ-იანი (3 lb, „beetleweight“) საბრძოლო რობოტები დისტანციურად მართული მანქანებია, რომლებიც დახურულ, გამჭვირვალე კედლებიან არენაზე ებრძვიან ერთმანეთს. რობოტს შეიძლება ჰქონდეს მბრუნავი ხერხი, ჩანგალი ან სხვა იარაღი; ბრძოლას იგებს ის, ვინც მეტოქეს გააჩერებს, ან — თუ ორივე რობოტი ბოლომდე იბრძოლებს — ის, ვისაც მსაჯები უკეთესად შეაფასებენ. როგორ იქმნება ასეთი რობოტი, ნახეთ ჩვენს გზამკვლევებში: საბრძოლო რობოტის დიზაინი და როგორ ავაწყოთ საბრძოლო რობოტი.
მადლობა მხარდამჭერებს
მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).
მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).
მადლობა პარტნიორებს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც შემოწირულობით ნაკრების ჩემპიონატზე მონაწილეობას შეუწყო ხელი! ბრძოლა გრძელდება — ერთად ვუგულშემატკივროთ კოკადამას და საქართველოს რობოტიკის ნაკრებს. ამბები და კადრები ბუქარესტიდან — GRA-ს Facebook გვერდზე.
გინდათ, თქვენი საბრძოლო რობოტიც არენაზე ნახოთ? საბრძოლო რობოტების საერთაშორისო ჩემპიონატი საქართველოში იმართება — ROBO BATTLE 2026–2027; დაიწყეთ აქედან: ჩემი პირველი რობოტი.




