შესავალი

Kokadama5 მეოთხედფინალშია
საქართველოს რობოტიკის ნაკრების გუნდის კოკადამას (Kokadama) რობოტი Kokadama5 RoboChallenge 2026-ის მეოთხედფინალშია! დაძაბული და სანერვიულო ბრძოლები ჩვენი გამარჯვებით დასრულდა: ბუქარესტში (რუმინეთი), საბრძოლო რობოტების 1.36 კგ-მდე (3 lb) კატეგორიაში, Kokadama5-მა ზედიზედ ოთხი მეტოქე დაამარცხა.
ამ კატეგორიაში 56 რობოტი 12 ქვეყნიდან ასპარეზობდა. მეორე შანსის ცხრილის მეოთხედფინალამდე მათგან მხოლოდ რვამ მიაღწია — მათ შორის საქართველოს რობოტმა.
ოთხი გამარჯვება ზედიზედ
Kokadama5-მა ჩემპიონატი მარცხით დაიწყო — პირველ ბრძოლაში ბრიტანულ Delta V-სთან (Team IDKWID) წააგო. ამ ტურნირში ერთი მარცხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამოთიშვას: რობოტი, რომელიც ერთხელ წააგებს, ბრძოლას მეორე შანსის ცხრილში აგრძელებს და ტურნირს მხოლოდ მეორე მარცხის შემდეგ ტოვებს.
კოკადამამ ეს შანსი სრულად გამოიყენა და მეოთხედფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა:
- Princess Megatron 3000 — Arduidiots, რუმინეთი;
- Gunter — AR-UPIITA, მექსიკა;
- O.M. (Overkill Machine) — Gagauzian Project Group, მოლდოვა;
- Taz — TARS UPV, ესპანეთი.
მეოთხედფინალის მეტოქე
მეოთხედფინალში Kokadama5-ის მეტოქე უზბეკური გუნდის Team Khudanov-ის რობოტი AḠDAR PL იყო.
ამ ბრძოლაზე, Kokadama4-ის გზაზე და კოკადამას ჩემპიონატის საბოლოო შედეგებზე შემაჯამებელ სტატიაში მოგიყვებით. ყველა ბრძოლის ოფიციალური შედეგი ჩემპიონატის საიტზეა: Combat Robot 3lb — ტურნირის ცხრილი.
გუნდი კოკადამა
კოკადამა საქართველოს რობოტიკის ნაკრების გუნდია. მისი წევრები არიან კონსტანტინე კვარაცხელია, კახაბერ კვარაცხელია, დავით კვარაცხელია და მაია წულაია — ვულოცავთ ამ წარმატებას! გუნდი ბუქარესტში ორი საბრძოლო რობოტით ჩავიდა. მეოთხედფინალში Kokadama5 გავიდა — რობოტი ორი გრძელი ჩანგლითა და წითელი დეტალებით.
როგორ მიაღწია კოკადამას ორივე რობოტმა მერვედფინალს, წაიკითხეთ წინა სტატიაში: კოკადამას ორივე საბრძოლო რობოტი მერვედფინალშია. როგორ მოემზადა ნაკრები ჩემპიონატისთვის — აქ: საქართველოს ნაკრები RoboChallenge 2026-ზე. როგორ იქმნება საბრძოლო რობოტი, ნახეთ ჩვენს გზამკვლევებში: საბრძოლო რობოტის დიზაინი და როგორ ავაწყოთ საბრძოლო რობოტი.
მადლობა მხარდამჭერებს
მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).
მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).
მადლობა პარტნიორებს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც შემოწირულობით ნაკრების ჩემპიონატზე მონაწილეობას შეუწყო ხელი! ერთად ვუგულშემატკივროთ კოკადამას და საქართველოს რობოტიკის ნაკრებს. ამბები და კადრები ბუქარესტიდან — GRA-ს Facebook გვერდზე.
გინდათ, თქვენი საბრძოლო რობოტიც არენაზე ნახოთ? საბრძოლო რობოტების საერთაშორისო ჩემპიონატი საქართველოში იმართება — ROBO BATTLE 2026–2027; დაიწყეთ აქედან: ჩემი პირველი რობოტი.




