სუმოს კატეგორიებში გამოსვლა დასრულდა
საქართველოს რობოტიკის ნაკრების გამოსვლა სუმო რობოტების კატეგორიებში დასრულდა. RoboChallenge 2026-ზე, ბუქარესტში (რუმინეთი), საქართველოს ორი გუნდი წარმოადგენდა: მეგა სუმოში (3 კგ) RageByte, ხოლო მინი სუმოში კოკადამა (Kokadama). გამარჯვებებთან და გამოცდილებასთან ერთად, სამწუხაროდ, სადავო მსაჯობასა და ტექნიკურ პრობლემებსაც შევხვდით.
ორივე კატეგორია ძალიან დიდი იყო: მეგა სუმოში 14 ქვეყნის 63 რობოტი ასპარეზობდა, მინი სუმოში — 16 ქვეყნის 269 რობოტი. ჯერ ჯგუფური ეტაპი იმართება, ყოველი ჯგუფიდან ორი საუკეთესო რობოტი კი ფინალურ ეტაპზე გადის.
მეგა სუმო: RageByte
RageByte-მა მე-5 ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა — ორი გამარჯვებითა და ერთი მარცხით (მოგებული რაუნდები 4:3) ლატვიურ PHOENIX-ზე (Robotu Skola), რუმინულ Shogun-სა (Nanolabs) და აზერბაიჯანულ AzeRobot-ზე (AIRO 2026) წინ — და ფინალურ ეტაპზე გადავიდა, სადაც შეჯიბრება უკვე ოლიმპიური სისტემით, წაგების შემთხვევაში გამოთიშვის პრინციპით გაგრძელდა. ჯგუფურ ბრძოლებზე ცალკე მოგიყევით: საქართველოს რობოტიკის ნაკრები ფინალშია: RageByte ჯგუფში პირველია.
ფინალური ეტაპის შეხვედრა რუმინული გუნდის Nanolabs-ის რობოტ ONl-თან თავიდანვე დაძაბული აღმოჩნდა. მოწინააღმდეგის რობოტი სტარტს ვერ იღებდა, რის მიზეზადაც ჩვენი რობოტის სენსორების ზემოქმედება დასახელდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩვენი გუნდის დისკვალიფიკაციის საკითხიც დადგა და გუნდმა მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შედეგი გავასაჩივრეთ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა და RageByte შეჯიბრებას გამოეთიშა (ოფიციალურ ცხრილში შეხვედრა 0:2-ით ONl-ის სასარგებლოდ ჩაიწერა).
მინი სუმო: კოკადამა
მინი სუმოში კოკადამა 37-ე ჯგუფში ასპარეზობდა — პოლონურ MK10-თან (Polish Bison Team), მექსიკურ Guzmancito-სთან (CR-ITTLA) და რუმინულ Dagestan-თან (TechForge) ერთად. კოკადამამ ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო: გაგვიუქმეს ორი შეხვედრის შედეგი, რომლებიც ჩემპიონატის წესებით მოგებული იყო.
- ერთ-ერთ შეხვედრაში მოწინააღმდეგის რობოტი ოთხჯერ ვერ დაისტარტა. წესებით ზედიზედ ორი ასეთი შემთხვევა წაგებას ნიშნავდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი შესაძლებლობა მიეცა და განახლებულ ბრძოლაში დავმარცხდით.
- მეორე შეხვედრაში, ორი მოგებული რაუნდისა და გამარჯვების ჩათვლის შემდეგ, მეტოქემ განმეორებითი მატჩი მოითხოვა. მიზეზად დასახელდა, რომ მისმა რობოტმა სხვა საგანი დააფიქსირა და ჩვენს რობოტზე ვერ კონცენტრირდა. შედეგად უკვე ჩათვლილი გამარჯვებაც გაუქმდა.
ამ ორი გადაწყვეტილების შემდეგ ოფიციალურ ცხრილში კოკადამა ჯგუფში მესამე ადგილზე აღმოჩნდა და ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.
საჩივარი
საქართველოს რობოტიკის ასოციაციამ ყველა აღნიშნულ საკითხზე საჩივარი წარადგინა და ორგანიზატორებს ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები მიაწოდა. საკითხები განხილვის პროცესშია, თუმცა ორგანიზატორებისგან მიღებული ინფორმაციით, შედეგები აღარ შეიცვლება.
მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებებმა ჩვენს გუნდებს უკეთესი შედეგისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მონაწილეზე წესები ერთნაირად და თანმიმდევრულად ვრცელდებოდეს.
ოფიციალური შედეგები ჩემპიონატის საიტზეა: მეგა სუმო (3 კგ) და მინი სუმო.
მადლობა გუნდებსა და მხარდამჭერებს
მადლობა RageByte-სა — დაჩი ნაზრიშვილს, ეთო ჩახვაშვილს, მიშო კალანდარიშვილსა და ნინი გოცაძეს — და კოკადამას — კონსტანტინე, კახაბერ და დავით კვარაცხელიებსა და მაია წულაიას — შრომისთვის, გამძლეობისთვის და საქართველოს სახელით ასპარეზობისთვის! ამ ჩემპიონატიდან გამარჯვებები, მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნების მოტივაცია მოგვაქვს. კოკადამას საბრძოლო რობოტების გზა აქ წაიკითხეთ: კოკადამა მეოთხედფინალშია.
მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).
მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ შემომწირველსა და გულშემატკივარს! თქვენი თანადგომით ჩვენმა გუნდებმა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა შეძლეს. კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!
გინდათ, საკუთარი სუმო რობოტი ააწყოთ? დაიწყეთ ჩვენი გზამკვლევებით: ჩემი პირველი რობოტი და როგორ ავაწყოთ სუმო რობოტი.




