RoboChallenge 2026: კოკადამა საბრძოლო რობოტების საუკეთესო 16-ში
ყველა სტატია

RoboChallenge 2026: კოკადამა საბრძოლო რობოტების საუკეთესო 16-ში

RoboChallenge 2026, ბუქარესტი: კოკადამას ორმა საბრძოლო რობოტმა 9 ბრძოლიდან 5 მოიგო; Kokadama5-მა 12 ქვეყნის 56 რობოტს შორის საუკეთესო 16-ში დაასრულა.

9 ბრძოლა, 5 გამარჯვება

საქართველოს რობოტიკის ნაკრების გუნდმა კოკადამამ (Kokadama) RoboChallenge 2026-ზე საბრძოლო რობოტების კატეგორიაში ასპარეზობა დაასრულა. ბუქარესტში (რუმინეთი), 1.36 კგ-მდე (3 lb) საბრძოლო რობოტების კატეგორიაში, 12 ქვეყნის 56 რობოტი იბრძოდა. კოკადამამ ორი რობოტით — Kokadama4-ით და Kokadama5-ით — ჯამში 9 ბრძოლა გამართა და 5 მოიგო.

Kokadama5-მა ჩემპიონატი 56 რობოტს შორის 13–16 ადგილებზე დაასრულა — საუკეთესო 16-ში. მან ექვსი ბრძოლა გამართა და ტურნირი მეოთხედფინალში დატოვა — იქ მას უზბეკეთის გუნდის Team Khudanov-ის რობოტი AḠDAR PL შეხვდა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო რვაში მოხვდა.

ამ ტურნირში რობოტი მხოლოდ მეორე მარცხის შემდეგ ეთიშება: ვინც ერთხელ წააგებს, ბრძოლას მეორე შანსის ცხრილში აგრძელებს. ერთსა და იმავე ეტაპზე გამოთიშული რობოტები ადგილს ინაწილებენ — ამიტომ Kokadama5-ის ადგილი 13–16-ია.

Kokadama5: ექვსი ბრძოლა

Kokadama5-მა — რობოტმა ორი გრძელი ჩანგლითა და წითელი დეტალებით — ჩემპიონატზე ექვსი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქეები იყვნენ:

  1. Delta V — Team IDKWID, დიდი ბრიტანეთი (ჩემპიონატის მესამე ადგილი);
  2. Princess Megatron 3000 — Arduidiots, რუმინეთი;
  3. Gunter — AR-UPIITA, მექსიკა;
  4. O.M. (Overkill Machine) — Gagauzian Project Group, მოლდოვა;
  5. Taz — TARS UPV, ესპანეთი;
  6. AḠDAR PL — Team Khudanov, უზბეკეთი.

რუმინულ, მექსიკურ, მოლდოვურ და ესპანურ რობოტებთან Kokadama5-მა ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. იქ ბოლოს უზბეკურ AḠDAR PL-თან დამარცხდა. ამ გზაზე დაწვრილებით: კოკადამა მეოთხედფინალშია.

Kokadama4: სამი ბრძოლა და ნოკაუტი

Kokadama4-მა პირველ რაუნდში მეტოქე არ ჰყავდა და ჩემპიონატი პირდაპირ მეორე რაუნდიდან დაიწყო. მან სამი ბრძოლა გამართა; მისი მეტოქეები იყვნენ:

  1. D-Hex — CMR-UPIIZ, მექსიკა;
  2. Pi v2 — Scope Creep Robotics, დიდი ბრიტანეთი;
  3. AḠDAR PL — Team Khudanov, უზბეკეთი.

მექსიკურ D-Hex-თან ბრძოლა Kokadama4-მა ნოკაუტით (KO) მოიგო: მეტოქის რობოტი დაიშალა და არენა კვამლმა მოიცვა. ბოლოს Kokadama4 უზბეკურ AḠDAR PL-თან დამარცხდა და ჩემპიონატი 17–24 ადგილებზე დაასრულა. როგორ მიაღწია კოკადამას ორივე რობოტმა მერვედფინალს: კოკადამას ორივე საბრძოლო რობოტი მერვედფინალშია.

ვინ გახდა ჩემპიონი

  1. Biribinha 3lb (Kimauánisso Robotics Team, ბრაზილია) — ჩემპიონი;
  2. BOLEK (LOLEK, პოლონეთი) — მეორე ადგილი;
  3. Delta V (Team IDKWID, დიდი ბრიტანეთი) — მესამე ადგილი.

საინტერესოა, რომ ჩემპიონმაც კოკადამას მსგავსი გზა გაიარა: ძირითადი ცხრილის ფინალი BOLEK-თან წააგო, მეორე შანსის ცხრილში დაბრუნდა, Delta V დაამარცხა და დიდ ფინალში BOLEK-ს სძლია. ყველა ბრძოლის შედეგი ჩემპიონატის საიტზეა: Combat Robot 3lb — ტურნირის ცხრილი.

მადლობა კოკადამას და მხარდამჭერებს

მადლობა კოკადამას — კონსტანტინე, კახაბერ და დავით კვარაცხელიებსა და მაია წულაიას — შრომისთვის, გამძლეობისთვის და საქართველოს სახელით ასპარეზობისთვის! ორი საკუთარი საბრძოლო რობოტი, ცხრა ბრძოლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებთან, ნოკაუტი და ზედიზედ ოთხი გამარჯვება — ეს გამოცდილება საქართველოს საბრძოლო რობოტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).

მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).

მადლობა თითოეულ შემომწირველსა და გულშემატკივარს! გინდათ, საკუთარი საბრძოლო რობოტი ააწყოთ? დაიწყეთ ჩვენი გზამკვლევებით — საბრძოლო რობოტის დიზაინი და როგორ ავაწყოთ საბრძოლო რობოტი — და გამოსცადეთ ის საბრძოლო რობოტების საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოში: ROBO BATTLE 2026–2027.

ბლოგი

სხვა სტატიები

ყველა სტატია