შესავალი
გზამკვლევი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის: როგორ შევქმნათ სასკოლო რობოტიკის გუნდი, რა რობოტით დავიწყოთ და როგორ მოვემზადოთ ხაზის მიმდევრის, ზიგზაგისა და ლაბირინთის ამოცანებისთვის საქართველოს რობოტიკის ასოციაციის სასკოლო შეჯიბრებზე.

რატომ რობოტიკა სკოლაში
რობოტიკა ერთ ამოცანაში აერთიანებს ფიზიკას, მათემატიკას, პროგრამირებასა და გუნდურ მუშაობას — ზუსტად იმას, რასაც STEM და STEAM განათლება ეძებს. მოსწავლე ხედავს, როგორ იქცევა მისი დაწერილი კოდი რეალურ სამყაროში, და შეცდომას იქვე პოულობს და ასწორებს.
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია სასკოლო შეჯიბრებს 2022 წლიდან ატარებს: საჯარო და კერძო სკოლების გუნდები სწორ ხაზზე, ზიგზაგსა და ლაბირინთში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
როგორ შევქმნათ გუნდი
- ჩვენს შეჯიბრებზე გუნდში ჩვეულებრივ 2–5 მოსწავლეა — წინა წლებში IX–XII კლასებიდან; მიმდინარე წესები შეჯიბრის გვერდზეა;
- სკოლას შეუძლია რამდენიმე გუნდის წარდგენა;
- სასურველია მასწავლებელი ან მენტორი, რომელიც გუნდს მომზადებაში დაეხმარება;
- როლები: ვინ აწყობს რობოტს, ვინ წერს პროგრამას, ვინ ზომავს და ამოწმებს შედეგებს.
რა რობოტით დავიწყოთ
ჩვენს პირველ შეჯიბრებზე გუნდები ორი ტიპის რობოტით მონაწილეობდნენ — mBot და 4WD Smart Robot Car. ორივე სასწავლო ნაკრებია ძრავებით, ხაზის (ინფრაწითელი) სენსორებით და ულტრაბგერითი მანძილის სენსორით — ეს საკმარისია სამივე ამოცანისთვის. მთავარია, რომ ერთმა რობოტმა სამივე ამოცანა შეასრულოს.
სამი ამოცანა და როგორ მოვემზადოთ
- სწორი ხაზი — სიჩქარე და სტაბილურობა: რობოტი ფინიშამდე სწორად უნდა მივიდეს. ძრავების სიჩქარე ისე დააბალანსეთ, რომ რობოტი გვერდზე არ გადაიხაროს;
- ზიგზაგი (ხაზის მიმდევარი) — რობოტი შავ ხაზს ხაზის სენსორებით მიჰყვება და არც ერთ მონაკვეთს არ ტოვებს. დაიწყეთ მარტივი „ჩართე-გამორთე“ ლოგიკით, შემდეგ კი სცადეთ პროპორციული (P ან PID) მართვა — რობოტი უფრო სწრაფად და მდორედ ივლის;
- ლაბირინთი — რობოტი გასასვლელს უნდა მიაგნოს ყველაზე მცირე დროში. მარტივი და საიმედო ხერხია „კედელს მიყოლა“ (მაგალითად, ყოველთვის მარჯვენა კედლის) ულტრაბგერითი სენსორით.
ივარჯიშეთ ქაღალდზე ან ფანერაზე დახატულ ტრასებზე, და ყოველი ცდის დრო ჩაიწერეთ.
შემდეგი ნაბიჯი
მიმდინარე სასკოლო შეჯიბრი და რეგისტრაცია: სასკოლო რობოტების შეჯიბრება. უფროსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის — SUMO და Line Follower, ხოლო სკოლის STEAM პროექტებისთვის — STEAM პროექტების კონკურსი. ასოციაციის ყველა ჩემპიონატი — GRA-ს ისტორიაში.




