საქართველოს ნაკრების პირველი RoboChallenge
RoboChallenge 2026 დასრულდა. ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატზე, ბუქარესტში (რუმინეთი), საქართველოს რობოტიკის ნაკრები პირველად ასპარეზობდა. 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ნაკრების სამმა გუნდმა — RageByte-მა, კოკადამამ (Kokadama) და კავთაზმა (Kavtazi) — საქართველო რვა რობოტით, ხუთ კატეგორიაში წარადგინა.
ეს საქართველოს პირველი გამოსვლა იყო ამ მასშტაბის საერთაშორისო ჩემპიონატზე. თითოეულ კატეგორიაში ჩვენს რობოტებს 10–16 ქვეყნის გუნდები ხვდებოდნენ — მათ შორის ბრაზილიის, მექსიკის, აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ძლიერი გუნდები. ამ სტატიაში ჩემპიონატის ყველა შედეგი ერთად შევკრიბეთ.
შედეგები მოკლედ
- Line Follower (83 რობოტი, 12 ქვეყანა): RageByte 2 — მე-10 ადგილი, კავთაზი — მე-13 ადგილი;
- Line Follower Turbo (54 რობოტი, 10 ქვეყანა): RageByte 3 — მე-11 ადგილი, Kavtazi2 — მე-17 ადგილი;
- საბრძოლო რობოტები 1.36 კგ-მდე (56 რობოტი, 12 ქვეყანა): Kokadama5 — 13–16 ადგილები, Kokadama4 — 17–24 ადგილები;
- მეგა სუმო 3 კგ (63 რობოტი, 14 ქვეყანა): RageByte — ჯგუფში პირველი, საბოლოოდ 17–32 ადგილები (ჩვენი გამოთვლით, დაახლოებით 24-ე);
- მინი სუმო (269 რობოტი, 16 ქვეყანა): კოკადამა — ჯგუფში მესამე, საბოლოოდ 129–192 ადგილები (ჩვენი გამოთვლით, დაახლოებით 150–165-ე).
საუკეთესო შედეგი: RageByte 2 ლაინფოლოვერის საუკეთესო ათეულშია — 83 რობოტიდან მე-10. ჯამში საქართველოს ოთხი რობოტი სამ კატეგორიაში საუკეთესო 16-ში მოხვდა.
ლაინფოლოვერი: ორი რობოტი საუკეთესო 13-ში
ლაინფოლოვერმა (ხაზზე მავალმა რობოტმა) ტრასა ხაზის ზუსტი მიყოლით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაროს. კლასიკურ Line Follower-ში 83 რობოტიდან დრო მხოლოდ 35-ს ჩაეწერა. RageByte 2-მა 4.628 წამით მე-10 ადგილი დაიკავა, კავთაზმა კი 5.606 წამით მე-13.
ტურბოში 54 რობოტიდან დრო მხოლოდ 20-მა მიიღო: RageByte 3 მე-11 გახდა (4.465 წამი), Kavtazi2 — მე-17 (6.270 წამი). ორივე კატეგორიაში მექსიკური გუნდის EXOTIC-ის რობოტმა NEON 01-მა გაიმარჯვა. დაწვრილებით: ლაინფოლოვერის შედეგები.
საბრძოლო რობოტები: საუკეთესო 16-ში
1.36 კგ-მდე (3 lb) საბრძოლო რობოტების ტურნირში რობოტი მხოლოდ მეორე მარცხის შემდეგ ეთიშება. კოკადამამ ორი რობოტით 9 ბრძოლა გამართა და 5 მოიგო.
- Kokadama5 პირველ ბრძოლაში ბრიტანულ Delta V-სთან დამარცხდა, რომელიც მოგვიანებით ჩემპიონატის მესამე გახდა. მეორე შანსის ცხრილში მან ზედიზედ ოთხი მეტოქე დაამარცხა — რუმინული, მექსიკური, მოლდოვური და ესპანური რობოტები — და მეოთხედფინალში გავიდა. იქ უზბეკურ AḠDAR PL-თან დამარცხდა და ჩემპიონატი 13–16 ადგილებზე დაასრულა.
- Kokadama4-ს პირველ რაუნდში მეტოქე არ ჰყავდა. მექსიკური D-Hex ნოკაუტით დაამარცხა, შემდეგ ბრიტანულ Pi v2-თან და უზბეკურ AḠDAR PL-თან დამარცხდა — 17–24 ადგილები.
ჩემპიონი ბრაზილიური Biribinha 3lb გახდა. დაწვრილებით: კოკადამას ორივე რობოტი მერვედფინალშია, კოკადამა მეოთხედფინალშია და საბრძოლო რობოტების შედეგები.
სუმო: ჯგუფში პირველი და სადავო გადაწყვეტილებები
მეგა სუმოში (3 კგ) 63 რობოტი 16 ჯგუფში ასპარეზობდა. თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო — სულ 32 რობოტი — ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც ერთი მარცხი გამოთიშვას ნიშნავდა. RageByte-მა მე-5 ჯგუფი პირველმა დაასრულა: ლატვიურ PHOENIX-ს 2:0 მოუგო, რუმინულ Shogun-ს — 2:1, აზერბაიჯანულ AzeRobot-თან კი 0:2 წააგო. ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რუმინულ ONl-თან, სადავო გადაწყვეტილების შემდეგ შეჯიბრებას გამოეთიშა (ოფიციალურ ცხრილში 0:2).
მინი სუმოში 269 რობოტი 64 ჯგუფში ასპარეზობდა და ფინალურ ეტაპზე 128 გავიდა. კოკადამა 37-ე ჯგუფში მესამე გახდა: ორი შეხვედრის შედეგი, რომლებიც ჩემპიონატის წესებით მოგებული იყო, გააუქმეს. GRA-მ ამ გადაწყვეტილებებზე საჩივარი წარადგინა. დაწვრილებით: სუმოს შედეგები.
მერამდენე ადგილზე გავედით სუმოში
სუმოს ოფიციალური ცხრილი ჯგუფებსა და ფინალური ეტაპის შეხვედრებს აჩვენებს, საერთო ადგილებს კი არა. ამიტომ ჩვენი რობოტების ადგილები ოფიციალური შედეგებიდან თავად გამოვთვალეთ: ერთსა და იმავე ეტაპზე გამოთიშული რობოტები ადგილებს ინაწილებენ, ხოლო მათ შორის რიგი ჯგუფში დაკავებული ადგილით, ქულებითა და რაუნდების სხვაობით დავადგინეთ.
- RageByte, მეგა სუმო: ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრებზე 16 რობოტი გამოეთიშა — მათი ადგილებია 17–32. ჯგუფური შედეგებით RageByte მათ შორის მერვეა, ანუ დაახლოებით 24-ე ადგილზეა 63 რობოტიდან.
- კოკადამა, მინი სუმო: ჯგუფში მესამე ადგილზე 64 რობოტი დარჩა — მათი ადგილებია 129–192. ქულებითა და რაუნდებით კოკადამა დაახლოებით 150–165-ე ადგილზეა 269 რობოტიდან.
რას ნიშნავს ეს შედეგები
პირველივე გამოსვლაზე საქართველოს რობოტები ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შეხვდნენ და სამ კატეგორიაში საუკეთესო 16-ში მოხვდნენ. ლაინფოლოვერში მე-10 ადგილი, საბრძოლო რობოტებში ოთხი გამარჯვება ზედიზედ და მეგა სუმოში ჯგუფში პირველობა ქართული რობოტიკისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ბუქარესტიდან მიღებულ გამოცდილებას საქართველოში დავაბრუნებთ — ჩვენს ჩემპიონატებსა და სასწავლო პროგრამებში. საბრძოლო რობოტების საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოში რეგისტრაცია უკვე ღიაა: ROBO BATTLE 2026–2027. სუმოსა და ლაინფოლოვერის რობოტების ასაწყობად კი დაიწყეთ ჩვენი გზამკვლევებით: მეგა სუმო, მინი სუმო და ლაინფოლოვერი.
გუნდები და მადლობა
- RageByte (მეგა სუმო, Line Follower, ტურბო): დაჩი ნაზრიშვილი, ეთო ჩახვაშვილი, მიშო კალანდარიშვილი და ნინი გოცაძე;
- კოკადამა (საბრძოლო რობოტები, მინი სუმო): კონსტანტინე, კახაბერ და დავით კვარაცხელიები და მაია წულაია;
- კავთაზი (Line Follower, ტურბო): რატი გოგიჩაშვილი და ნინო მეშველიანი.
მადლობა გუნდებს შრომის, გამძლეობისა და საქართველოს სახელით ასპარეზობისთვის!
მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).
მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).
მადლობა თითოეულ შემომწირველსა და გულშემატკივარს — თქვენი მხარდაჭერით ჩვენმა გუნდებმა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პირველად წარადგინეს. ჩემპიონატის ყველა ოფიციალური შედეგი: RoboChallenge 2026 — ცხრილები.




